Archive | ნოველა RSS feed for this section

გურჯისტანელი მადლენა

23 ოქტ

ნოველას თუ ამბავს, საფუძვლად უდევს ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველი ქალის რეალური ისტორია.

მადლენა ბავშვობაშივე დაობლდა.

მამამისმა ჯერ საკუთარი ცოლი და მეზობელი მოკლა ლოგინში, შემდეგ კაკლის ხეზე ჩამოიხრჩო თავი.

იმ დღეს უჩვეულოდ მხიარული იყო, გოგონას შუბლზე აკოცა და ხის ტოტზე შემოსვა.

თვითონ повесился.

მამა პერიოდულად მოძრაობას წყვეტდა.

გოგონა დაუზარებლად აქანავებდა მკვდარს და სულისშეხუთვამდე კისკისებდა.

ბებიას გამოჩენამდე პატარა მადლენა ვერ მიხვდა, რომ მამას ცოცხალ-მკვდარობანას თამაში აღარ უნდოდა.

ბებია ლოგინად ჩავარდა.

მღვდელმა მადლენა და ორი გათხუპნული ტყუპი ბიჭი პანსიონატში შერეკა.

ბავშვებს ადვილად შეეწყო.

მოწყალების დებმა დაბადების დღე, კომბოსტოს წვნიანითა და თითო ნაჭერი თეთრი პურით გადაუხადეს.

ხუთჯერ.

ცამეტი წლისამ პირველი “სისხლიანი” საჩუქრი მიიღო.

უკვე დიდი იყო.

თუნუქის პატარა ყუთში, რომელშიც წლების მანძილზე ტალახში ამოგანგვლისა და იატაკზე გორაობის შედეგად “მოპოვებულ” ზღინტლს აცილებდნენ, მარტოს უწევდა განწმენდა.

თვითონ გაიზარდა.

ყუთი დაპატარავდა.

იქნებ ორივე ერთდროულად მოხდა?

მუხლებმოხრილი იჯდა.

ხის დიდი ჭიქით ცხელ წყალს ზურგზე ისხამდა.

ამ დღეს პირველად გაიგო საკუთარი სხეულით ტკბობის ფასი.

მეორე დღიდან პანსიონის ყველა აღსაზრდელი მდედრი დააუფლა ამ ხელობას.

უმეტესობას არაფერი გამოსდიოდა, მადლენა ხომ ყველაზე უფროსი გოგო იყო პანსიონში?!

თხუთმეტი წლისა ორჯერ გაიქცა.

ორჯერვე დააბრუნეს.

მესამედ თვითონ გაუშვეს.

თექვსმეტის იყო.

მღვდელმა მშობლებისა და ბებიის ნასახლარზე მიიყვანა.

სახლის აღდგენაში მეზობლები დაეხმარნენ.

ერთ-ერთი მათგანის უფროს ბიჭს ცოლად გაჰყვა.
Continue reading

Advertisements

მუზმუზელა

14 ოქტ

ხმაური იყო, თუ მომეჩვენა ?

ფხიზელი ძილი მაქვს. პატარა ჩქამიც მაღვიძებს. მერე სანამ მივხვდები, რომ ცრუ განგაშია, გადავამოწმებ. ისე ხშირად ხდება, თითქმის არც მძინავს. არადა, პირიქით ჰგონიათ. არ მძინავს ხოლმე მე, არა!

მოსასხამი სად მაქვს, ნეტა. უმაგისოდ ვერ გავიხედავ, შემცივდება. სულ გაიყინა ბრეინლანდია. ძალით ყინავს. ხანდხან ისეთი უ–აზრობები ჩამოივლიან ხოლმე, ვფიქრობ, ხელი ავიღო ამ სამუშაოზე და თავს ვუშველო.

ახალგაღვიძებულზე წუწუნი მოვასწარი და ზოგი არც მიცნობთ. თქვენი მონამორჩილი, მუზმუზელა ვარ. რა გაგიკვირდა ? ჩემი სახელის სრული ვერსიაა. ასე დამარქვეს და ბარათშიც, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს, ასე წერია.

აქ როდის გადმოვდე. სად რას ვინახავ ვეღარც ვასწრებ ხოლმე დამახსოვრებას. აააჰა ერთი ხელი… მეორეც… ეხლა გარეთ გასვლაც შეიძლება. ვნახოთ ერთი რა ბიჭობა ხდება.

გადაღმა ხვეულში, თუ, თქვენ როგორც ეძახით, მოსახვევში, შუქი ანთია. იქაც ღვიძავთ და ეტყობა, ჩოჩქოლია. სწრაფად მოძრაობენ ფანჯრებში ჩრდილები. მოიმატა სინათლეებმა. სხვა ხვეულების ბინადრებმაც შეწყვიტეს ძილი. ეჭვი მაქვს, სამუშაო საათები მეწყება.

კარგი ვქენი, სავარძელი აივანზე რომ დავტოვე. აქედან კარგად ჩანს ხოლმე ყველა ჩამვლელი. ვნახოთ, რა კერძებს გამომიშვებენ სახლებიდან.

ამდენგან ანთია და მაინც როგორ ცივა.

გადაღმა ხვეულიდან უკვე გამოვიდა ერთი ჯეელი. თავდაჯერებულად და ჯიქურ მოდის.

„ Poverty is the mother of all arts … კარგი ანდაზაა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად გაგება არ იქნებოდა სწორი. სიღარიბის ტკივილი აღვივებს ადამიანებში გარემოს სხვაგვარად აღქმას თუ…  მდიდრებს მხოლოდ ფულის გადახდა ჭირდებათ ხელოვნებაში ჩასახედად. ღარიბებს კი ჩასახედი ფული არ აქვთ და შიგნით ხტებიან…“

რამდენი ილაპარაკა. ურიგო არაა, მაგრამ გაშალაშინება უნდა. დროის ამბავია. ამ ქალს რაღა მოაქვს ? სურათებია. ხო, გავიგეთ, რომ გაზაფხული მოვიდა, შეხედე და ძარღვებში პეპლები იგრძენი. მერე ? რამდენი ესეთი მინახავს. არ ვარგა.    აჰაჰაჰაჰა, ჩანაწერი მოაქვთ. წინასწარ ვიცი, წვიმის ხმა იქნება… ჯანდაბა, წინ წასულა. მელოდიაა…

სასაცილო არაა, ჩემს საქმეს ყველაზე რომანტიკულ ხელობად რომ თვლიან ? აბა, ვის წარმოვუდგენივარ აივანზე დაძველებულ მოსასხამში გახვეული და სიცივისგან მოძაგძაგე ? ყველას თეთრი მანტიით და დაფნის გვირგვინით დამშვენებული ხუჭუჭა თავით ვყავარ გამოგონილი. ეს აბსტრაქტულად. თორემ, ზოგი თავის სატრფოდ მხედავს, ზოგიც, საერთოდ, უცნობ გამვლელად. მე კი…  მე კი არ მინდა, ჩემი შვილი ჩემს გზას გაჰყვეს.

გოგო მოდის. კიარა, ფეხი აუკრეფია და ისეთი სიფრთხილით აბიჯებს, რემედიოსს შეშურდებოდა.

„ხანდახან მე მაინც ვარ ხოლმე ბედნიერი. შეყვარებული მყავს, რომელსაც სექსის გარდა არაფერი გამოსდის. და მე ქალიშვილი ვარ (გამოდის, ზუსტად ეგეც არ ვიცი გამოსდის, თუ არა). არავინ მიყვარს. საერთოდ. მარტო საკუთარი თავი. და ისიც მეზიზღება. მაწუხებს, ბევრს რომ არ ვუყვარვარ და მაწუხებს ბევრი სიყვარული. მე მეორე პიონერი ვარ. და ხანდახან.. მე მაინც ვარ ხოლმე ბედნიერი.“

რა ნისლი ჩამოწვა. გოგო პირველ ჯეელზე  ჩამოყალიბებულია. გამოვიყვან ამისგან არომატიან ქალს.. თუ ამ ნისლმა დამაცადა. აღარაფერი ჩანს ! რატომ გგონიათ, რომ თამბაქო აზრების დალაგებაში მოგეხმარებათ? ვინც ამას ცდილობს, მასაც ხელს უშლით და თვალზე ბურუსს აკრავთ. მორჩა მორჩა, რამის გარჩევაც შეუძლებელია. საწოლამდე მაინც მივიდე. ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, ამჯერად აღარაფერი გამოვა. იქნებ შემდეგში ჩამოიარონ უფრო მეტმა და მეტად ელეგანტურმა აზრებმა.

ვიძინებ ისევ.

არა, არ წავალ, აქვე წამოვწვები. თუ დაგჭირდებით, მაშინვე გამეღვიძება. როგორ მომმართოთ ? უბრალოდ მუზა დამიძახეთ.