Archive by Author

დემონები

15 მარ

არავინ იცის, ანგელოზები მფარველობენ ქალაქს, თუ დემონები

polithooligan

qefcho

teitt



Advertisements

მუზმუზელა

14 ოქტ

ხმაური იყო, თუ მომეჩვენა ?

ფხიზელი ძილი მაქვს. პატარა ჩქამიც მაღვიძებს. მერე სანამ მივხვდები, რომ ცრუ განგაშია, გადავამოწმებ. ისე ხშირად ხდება, თითქმის არც მძინავს. არადა, პირიქით ჰგონიათ. არ მძინავს ხოლმე მე, არა!

მოსასხამი სად მაქვს, ნეტა. უმაგისოდ ვერ გავიხედავ, შემცივდება. სულ გაიყინა ბრეინლანდია. ძალით ყინავს. ხანდხან ისეთი უ–აზრობები ჩამოივლიან ხოლმე, ვფიქრობ, ხელი ავიღო ამ სამუშაოზე და თავს ვუშველო.

ახალგაღვიძებულზე წუწუნი მოვასწარი და ზოგი არც მიცნობთ. თქვენი მონამორჩილი, მუზმუზელა ვარ. რა გაგიკვირდა ? ჩემი სახელის სრული ვერსიაა. ასე დამარქვეს და ბარათშიც, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს, ასე წერია.

აქ როდის გადმოვდე. სად რას ვინახავ ვეღარც ვასწრებ ხოლმე დამახსოვრებას. აააჰა ერთი ხელი… მეორეც… ეხლა გარეთ გასვლაც შეიძლება. ვნახოთ ერთი რა ბიჭობა ხდება.

გადაღმა ხვეულში, თუ, თქვენ როგორც ეძახით, მოსახვევში, შუქი ანთია. იქაც ღვიძავთ და ეტყობა, ჩოჩქოლია. სწრაფად მოძრაობენ ფანჯრებში ჩრდილები. მოიმატა სინათლეებმა. სხვა ხვეულების ბინადრებმაც შეწყვიტეს ძილი. ეჭვი მაქვს, სამუშაო საათები მეწყება.

კარგი ვქენი, სავარძელი აივანზე რომ დავტოვე. აქედან კარგად ჩანს ხოლმე ყველა ჩამვლელი. ვნახოთ, რა კერძებს გამომიშვებენ სახლებიდან.

ამდენგან ანთია და მაინც როგორ ცივა.

გადაღმა ხვეულიდან უკვე გამოვიდა ერთი ჯეელი. თავდაჯერებულად და ჯიქურ მოდის.

„ Poverty is the mother of all arts … კარგი ანდაზაა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად გაგება არ იქნებოდა სწორი. სიღარიბის ტკივილი აღვივებს ადამიანებში გარემოს სხვაგვარად აღქმას თუ…  მდიდრებს მხოლოდ ფულის გადახდა ჭირდებათ ხელოვნებაში ჩასახედად. ღარიბებს კი ჩასახედი ფული არ აქვთ და შიგნით ხტებიან…“

რამდენი ილაპარაკა. ურიგო არაა, მაგრამ გაშალაშინება უნდა. დროის ამბავია. ამ ქალს რაღა მოაქვს ? სურათებია. ხო, გავიგეთ, რომ გაზაფხული მოვიდა, შეხედე და ძარღვებში პეპლები იგრძენი. მერე ? რამდენი ესეთი მინახავს. არ ვარგა.    აჰაჰაჰაჰა, ჩანაწერი მოაქვთ. წინასწარ ვიცი, წვიმის ხმა იქნება… ჯანდაბა, წინ წასულა. მელოდიაა…

სასაცილო არაა, ჩემს საქმეს ყველაზე რომანტიკულ ხელობად რომ თვლიან ? აბა, ვის წარმოვუდგენივარ აივანზე დაძველებულ მოსასხამში გახვეული და სიცივისგან მოძაგძაგე ? ყველას თეთრი მანტიით და დაფნის გვირგვინით დამშვენებული ხუჭუჭა თავით ვყავარ გამოგონილი. ეს აბსტრაქტულად. თორემ, ზოგი თავის სატრფოდ მხედავს, ზოგიც, საერთოდ, უცნობ გამვლელად. მე კი…  მე კი არ მინდა, ჩემი შვილი ჩემს გზას გაჰყვეს.

გოგო მოდის. კიარა, ფეხი აუკრეფია და ისეთი სიფრთხილით აბიჯებს, რემედიოსს შეშურდებოდა.

„ხანდახან მე მაინც ვარ ხოლმე ბედნიერი. შეყვარებული მყავს, რომელსაც სექსის გარდა არაფერი გამოსდის. და მე ქალიშვილი ვარ (გამოდის, ზუსტად ეგეც არ ვიცი გამოსდის, თუ არა). არავინ მიყვარს. საერთოდ. მარტო საკუთარი თავი. და ისიც მეზიზღება. მაწუხებს, ბევრს რომ არ ვუყვარვარ და მაწუხებს ბევრი სიყვარული. მე მეორე პიონერი ვარ. და ხანდახან.. მე მაინც ვარ ხოლმე ბედნიერი.“

რა ნისლი ჩამოწვა. გოგო პირველ ჯეელზე  ჩამოყალიბებულია. გამოვიყვან ამისგან არომატიან ქალს.. თუ ამ ნისლმა დამაცადა. აღარაფერი ჩანს ! რატომ გგონიათ, რომ თამბაქო აზრების დალაგებაში მოგეხმარებათ? ვინც ამას ცდილობს, მასაც ხელს უშლით და თვალზე ბურუსს აკრავთ. მორჩა მორჩა, რამის გარჩევაც შეუძლებელია. საწოლამდე მაინც მივიდე. ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, ამჯერად აღარაფერი გამოვა. იქნებ შემდეგში ჩამოიარონ უფრო მეტმა და მეტად ელეგანტურმა აზრებმა.

ვიძინებ ისევ.

არა, არ წავალ, აქვე წამოვწვები. თუ დაგჭირდებით, მაშინვე გამეღვიძება. როგორ მომმართოთ ? უბრალოდ მუზა დამიძახეთ.

მე აღარ მინდა თამაში

11 ოქტ


შენში, თურმე, ის უნდა განავითარო, რისთვისაც გკიცხავენ. რადგან სწორედ „ის“ გქმნის „მედ“. და რომ შენს განსხვავებულობას ვერ ეგუებიან „ბოროტი“ სხვები და კიცხვით ცდილობენ წაგართვან შენი „ინდივიდუალურმყოფელი“. მომხიბვლელად მჟღერი არგუმენტია შენიშვნების მოსაგერიებლად და მანკიერების უმანკო სახით ლამის მთავარ ღირსებად მოსანათლად. მაგრამ საზღვარი რომ ყველაფერს აქვს, ვინ არ დამეთანხმება, სულ რომ მოიარო გრინვიჩის მერიდიანიდან გრინვიჩის მერიდიანამდე, ეკვატორიდან ეკვატორამდე? განვითარებასაც აქვს საზღვარი და მანკსაც_მითუმეტეს.

ჩვენი განმასხვავებელი და გასაკიცხი თვისებები აგრესიის რეცეპტორებს არ ეხება და, ამიტომაც, არ იწვევს აქტიურ-აღმკვეთ ქმედებებს. სამაგიეროდ, ბადებს უკვე ყბადაღებულ კითხვებს, რომლების დასმაც ზოგს უკვე გვეხამუშება, ზოგს_ჯერაც არ მოსვლია თავში. ეს კიდევ მეტად მოწმობს, რომ ჯერ გზაში ვართ.

ვერ დავიჯერებ, რომ არ გქონია ასეთი განცდა. ერთი კითხვით შეპყრობილი რომ მიაბიჯებ და საკუთარ მესთან გაბედულად ფილოსოფოსობ. ხან ერთ პასუხს აზომებ, ხან მეორეს არგებ. და ძალიან იშვიათად, რომ გაგიმართლოს და, ამ გართობა-გართობაში, ზუსტად მის თარგზე გამოჭრილს მიაგნო.

არასდროს დავინტერესებულვარ „აქაც რომ რეკამდა“ როგორ რეკამდა და მსგავსი, მეცნიერებით ახსნადი „ჟანრის“ კითხვებით. უფრო თითო ადამიანის თითო ალოგიკური სცენარი მაფიქრებდა ხოლმე არსებულ ამოებაზე. და რადგან ახლა ვწერ, ჩანს ისევ მაფიქრებს.

ერთერთი ჩემს თავთან გათამაშებული მოაზროვნის როლის შესრულებისას დავასკვენი, რომ ისრებიან საათზე დრო უფრო სწრაფად იწურება, ვიდრე ელექტრონულზე. ყოველ შემთხვევაში, თვალი დროს უფრო წინწასულად აღიქვამს, როცა ისრები ‘12-ს 5 უკლიას’ აჩვენებს, ვიდრე ელექტრონულზე ასახული 11:55. ისევ გვახსოვს თითქმის მილეული 11 საათი და ასეც იქნება, სანამ 59-ს 00 არ შეცვლის.

მაგრამ ამ დრომდე ვერ ვპასუხობ, რატომ ენანებათ ადამიანებს მგზავრობის ქირის გადახდა საკუთარი თავისთვის და რატომ ხოცავენ ერთმანეთს, როცა საქმე სხვისთვის გადახდაზე მიდგება. ზოგადად სხვებს რატომ უხდიან, ეგ კითხვა დიდი ხანია უიმედოდ ვცანი და ნაფტალინის სუნზე ცხვირს აცემინებს გამუდმებით.

რატომ ვერ მიხვდნენ ადამიანები, რომ დაბალწელიან შარვალზე ტრუსიც დაბალწელიანივე ჩაეცვათ . მითუმეტეს, რომ ამგვარი შარვლები იმდენ ხანს იყო მოდაში, სანამ თვითონ არ მობეზრდა და არ გადავიდა.

რატომ მიმართავდნენ (ზოგს დღემდე აქვს გამოყოლილი) ახლობელ მამრებს -ვიჩ ბოლოსართიანი მამისსახელით, როცა მაგალითად კონსტანტინოვიჩ კონსტანტინეს (შეურაცხყოფად ნუ მიიღებს და) ნაბიჭვარს ნიშნავს.

ან რატომ სწამთ დღემდე, რომ მარილის დაბნევას ჩხუბი უნდა მოჰყვეს, როცა სხვა პროდუქტებთან შედარებით ძვირი კიარა, ლამის იაფიცაა. ძველი ლოგიკით და დღევანდელი მონაცემებით შაქრის დაბნევას უფრო უნდა ვუფრთხოდეთ (ვინც არ იცის, ამ ცნობილ ცრურწმენას მეტად პრაგმატული ახსნა აქვს. ძველად, როცა მარილი ყველაზე ძვირი ნედლეული იყო და მისი შეძენა ყველას არც კი შეეძლო, გასაკვირი არაა, რომ დამბნევს კარგი არაფერი ელოდა).

რატომ ეშინიათ ადამიანებს ღმერთზე თამამად საუბრის და რატომ რაცხავენ მოსაუბრეებს ათეისტებად? და მერე როგორ იჯერებენ იგივე ადამიანები, რომ მოსამართლე, ვაჭარი, ბანკის მმართველი წმინდანია და მასზე უნდა ილოცო?

როგორ ვახერხებთ იმდენ ხანს ვიბობოქროთ, ვიდუღოთ, რომ მაჭრიდან პირდაპირ ძმრად ვიქცეთ.

როგორ გამოგვდის გვქონდეს ამდენი და ბევრად მეტი კითხვა და ვერცერთი პასუხი..


საზღვარი ყველაფერს აქვს. ბოლოს ყველა ხვდება. სულ რომ მოიარო გრინვიჩის მერიდიანიდან გრინვიჩის მერიდიანამდე. ეკვატორიდან ეკვატორამდე.

Happy dreamer

4 ოქტ

და თქვენ რა გგონიათ ოცნება ?

საღამო. გამთბარ სამზარეულოში სახატავი რვეულით და ფანქრებით აღჭურვილი ჩემი ბავშვობა ოცნებობდა შუქის მოსვლაზე. და თუ ეს ‘ოცნება აუხდებოდა’ , სანთლის შუქს მიჩვეულს ისე სტკიოდა თვალები, რომ ისევ უშუქობაზე იწყებდა ოცნებას.

სანამ ე.წ. „პრისტავკები“ გამოჩნდებოდა ჩვენს ოჯახებში, ჩემი ბავშვობა, რუსულ „ოერტეს“ მიჩერებული, ყოველი მულტ-სერიალის ყოველი სერიის ბოლოს ოცნებობდა, ამით არ დასრულებულიყო და ჭერზე ჩამოკიდებულ სათამაშო მაიმუნს  კიდევ ერთ სერიას თხოვდა. რა სასაცილოა, არა?!
ჩვენი უმრავლესობის ბავშვობა კარგ ტანსაცმელზე, შოკოლადებზე, ბარბებზე და პულტიან მანქანებზე ოცნებობდა.

ჩვენი უმრავლესობის ბავშვობა ტრანსპორტში საკუთარ ადგილზე ოცნებობდა. რომ ის ახალი მგზავრის ამოსვლისას დედას კალთაში არ გადაესვა .

ჩვენმა ბავშვობამ ვერ გვასწავლა, რა არის სინამდვილეში ოცნება.

რაღაცის არქონა, ჯდომა და იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, ჩვენთვისაც რომ გაეღიმა ბედს. ესაა ვითომ ? ფიქრების თავისუფლება.. არაა ეს თავისუფალი ფიქრები. ჩვენმა პრაგმატულმა სურვილებმა ჩვენს ფიქრებსაც  არ მისცა სივრცე და „ოცნებაც კი დაგვიშალა“.

და მაინც, არსებობენ ბედნიერი და სევდიანი მეოცნებეები. და შენ, რომ გაიფიქრე ბედნიერს რაღა ოცნება უნდაო. ზუსტად შენ ვერ ხვდები, ჯერ კიდევ, რა არის სინამდვილეში ოცნება.

ჩემი ბავშვობა მაშინ ვერ ხვდებოდა და, სამწუხაროდ, ვერ იყო ბედნიერი მეოცნებე. ლურჯ ფერიებს და მსგავს „მოხელეებს“ მხოლოდ მაშინ მიმართავდა, როცა რაღაც არ ჰქონდა. რაღაც მატერიალური.

გავიზარდეთ და ვისწავლეთ ფრაზები „ოცნებას ვერავინ დამიშლის“ და ესეც დავიჯერეთ. თუ ოცნებაა ოცნება იყოს…

„Мечтать не вредна“-ო. ესეც მოგვეწონა. სრული კომფორტი შევიქმენით ჩვენს წარმოსახვაში და  უცოდველი სახით შევყურებდით ჩვენი საწოლების თავზე ჭერის ნაჭრებს.. ვოცნებობდით.

მე ამ მოგონილი კომფორტიდან გასულ ზაფხულს უცნობმა გოგონამ გამომიყვანა. მასთან შეხვედრა ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენიც ტრასაზე მაღალი სიჩქარით მიმავალმა ჩვენმა მანქანამ მოანდომა მის გვერდის ავლას. კახეთის ერთერთ ღრმა სოფელში დაახლოებით 13 წლის გოგო გზის პირას სეირნობდა. ხუთ „დვარნიაშკა“, ჯაჭვებით და საყელურებით აღჭურვილ ძაღლთან ერთად. ამ 5 ჯაჭვის დაბოლოება ხელებში მაგრად ჩაებღუჯა, რა თქმა უნდა, ვერ ერეოდა 5 თავაშვებულად მორბენალ ცხოველს და თავადაც მათ ნებას მიყვებოდა. არც ის აღელვებდა, რა სასაცილოები იყვნენ საყელურებს მიუჩვეველი უჯიშო ძაღლები, არც ის, მასზე რას იფიქრებდნენ საჭორაოდ და „ბუზის გასასპილოებლად“ მუდამ მზადმყოფი სოფლელები. და არც ის, რომ ამ ძაღლების გასეირნება წვიმაში ეზოს მორწყვას გავდა. და გამახსენდა პეპი. და მერე ბერტოლუჩის „მეოცნებეები“. და ყველაფერს მივხვდი.

და თქვენ, რა გგონიათ ოცნება ?


რომელი საათია ?

3 ოქტ

ახალგაზრდავ, რომელი საათია?
ყმაწვილო…
ქალიშვილო..

ბედი ჩვენი, რომ ვაჟიშვილოთი არ მოგვმართავ(დნ)ენ, თორემ ჩვენში ქალიშვილ-ვაჟიშვილობას ხომ უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ზოგადად ნიშნავს და ვიდრე სხვა ყველგან.

ვისთან შეიძლება გავარკვიო, რატომ ვეძახით თავგამოდებით არადეფლორირებულ მდედრებს ქალიშვილებს, როცა ენაში ამის აღმნიშვნელი სიტყვა აშკარად გვაქვს. მე თავს შევიკავებ იმაზე ლაპარაკისგან, რა რეაქცია გვექნებოდა ინგლისელები რომ daughter-ს იყენებდნენ virgin-ის მაგივრად, ან რუსები дочь-ს _ девица-ს ნაცვლად. არ მივდგებოდით მათს მენტალურ პრობლემებს? უბრალოდ სლოკინით მოვკლავდით ყველა მშობელს და ქალიშვილს.
ეხლა ვფიქრობ, და ყველაზე რაციონალურ ახსნად მეჩვენება, რომ მდედრი სანამ ქალწულია, მანამდე თვლის მას ოჯახი შვილად. მეც ვხვდები, რომ ამაზრზენია. მაგრამ სხვა რას დავაბრალო ამ უგუნური ტერმინის დამკვიდრება? უკან ვიხევ. ვაჟიშვილის შემთხვევაში ჩემი ლოგიკა აშაკარად უნარშეზღუდულია.

მოკლედ, ვინმეს თუ მოგეპოვებათ ცნობები ადამიანზე, ვინც პირველად გამოიყენა „ქალიშვილი“ „ქალწულის“ ნაცვლად, მეც მითხარით. თორემ ჩემი ყოველი ვარაუდის ჰორიზონტს კრახი აწერია.

ალბათ ისეთსავე ნიჭსმოკლებულ ხუმრობას მოჰყვა, როგორიც იყო ცნობილი „ფედერასტები“ . ოხუნჯობის ამ ნიმუშით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო 20 წლის მანძილზე შორს არ წავსულვართ. კოკოითი  ფედერზე მომუშავე საწყალი მამაკაცების ხვედრს ვაზიარეთ და მშვიდობით წასვლა არ ვაცადეთ (фæндараст ქართულად „მშვიდობით“-ს ნიშნავს).
„რას გვიშვრება ეს მთავრობა?!“ კი, ბევრი უკვე ხუმრობის კილოზე იყენებს ამ ფრაზას, მაგრამ მენდეთ, უმრავლესობა ისევ „105“-ის რადიოპერსონაჟივით სიზმარში მომხდარ ცუდ ამბავსაც  ზედა ინსტანციებს აბრალებს. ანდა, რატომ მიხვდება უსიამოვნო სინამდვილეს, რომ როცა აგერ უკვე მერამდენე მთავრობა გიშვრება,  ესეიგი პრობლემა შენშია.
„რა თაობა მოდის!“  ისევ ხშირად გაიგონებთ, განსაკუთრებით, საღამოს საათებში სამსახურებიდან მომავალი უკმაყოფილო გამომეტყველების ადამიანებისგან.  „ხალხს ისევ შია“ თუ ვაკე საბურთალოს კედლებს დავუჯერებთ ბოლო წლებში.  იგივე კედლები ისევ ითხოვენ „თავისუფლებას პოლიტპატიმრებისთვის“.

განსხვავება ისაა, რომ „ქვეყანაში ფერები მუქი“ მყვირალა საღებავებმა გადაფარა და წარწერებს ძველებურად თეთრ და ნაცრისფერ ფონზე აღარ ვკითხულობთ. და ღმერთო, რა თქმა უნდა! ერთ ძლიერ სახალხო შეძახილსაც გამოვეთხოვეთ, შუქის მოსვლისას რომ გაიგონებდით ყველა ოჯახიდან. ”დაჭეჭყილ“ მეცხრე ბლოკზე ხუმრობის თემა „მეცხრე არხმა“ განაგრძო და ესენიც „9 ნომერი გოიმივით“ მიივიწყეს. თურმე მხოლოდ ენერგო სივრცეს დაუძველებია ხუმრობები და ფრთიანი ფრაზები.

დასაწყისისკენ გადამიხტა გონება ისევ. „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ გამახსენდა და კიდევ ერთხელ ავხსენი, რატომ მოუკიდებია ფეხი უადგილოდ ამ სიტყვას. ალბათ ინტიტუტს არ უხდებოდა „ქალწული“ ?