ჩვენზე

იმის გარდა, რომ ყველა 1990 წელს დავიბადეთ, ჩვენ თსუ-ც გვაერთიანებს.

იმის გარდა, რომ თსუ გვაერთიანებს, ვფიქრობთ მსგავსად.

იმის გარდა, რომ მსგავსად ვფიქრობთ, საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს.

იმის გარდა, რომ არ ვგავართ, სადღაც ვმეგობრობთ.

იმის გარდა, რომ ვმეგობრობთ, ჩვენ ვწერთ.

და ვწერთ ბევრნი

და ვწერთ ბევრს

და ვწერთ ბევრზე

და ყველა მიზეზი გაქვს იმისთვის, რომ გვიკითხო.

მალე


და სანამ დანარჩენები მოვლენ, მე ცოტას მოგიყვები ქეფჩოზე. ჩემზე მინდოდა დამეწერა და მივხვდი, რომ ერთმანეთზე ლაპარაკი უფრო მოსახერხებელი იქნება.

ქეფჩო, რა თქმა უნდა, შერქმეულია. ერთ დროს სახელი და გვარი უარყო და შედეგად უნივერსიტეტში ლექტორები და სახლში დედა ასე მიმართავენ. ინდური ზაფხულის ბოლო დღეს დაიბადა, თუმცა არაფერი ინდური ქეფჩოში არაა. ასე რომ შეგიძლია დაივიწყო. ფეხბურთმა და ბოჰემამ მასში თავი რომ ამოწურა, ხელში კალამი აიღო და .. თუმცა ჯობს ჩემი აზრები არ მოგახვიო და რომ წაიკითხავ, შენით შეაფასე როგორ წერს. ლექსი ასოციაცია მაქვს ქეფჩოზე. თვითონ კი არ მეთანხმება დიდად, მაგრამ ეხლა აქ არაა და დროს ვიხელთებ .

არ დაადგა საშველი შენს შეცნობას.

ღალატს რომ დააპირებდი, სიყვარულის ნოსტალგია შეგიპყრობდა,

და პირიქით.

ერთ ხელს პირჯვრისსაწერად რომ მომართავდი,

მეორე შენზე მომტერებულ ახვრისთვის გინდოდა გელეწა.

დედის მუცლიდან მოყოლებული ერთნი ხართ და,

ისე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ,

როგორც სოლოლაკელი მეზობლის ბიჭი და

სოფელში ჩარჩენილი შენი

გურული მამიდა.

ცხოვრება კი, ერთი გრძელი მარათონია,

დაწყებული სამშობიაროდან დამთავრებული

სასაფლაომდე.

რაღა მაინცდამაინც

ბოლო წამს უნდა იგრძნო, რომ

სოკრატემ შეუძლებელი მოითხოვა…

“მამლის ყივილამდე” ორჯერ უარვყავი, უფრო სწორად ორჯერ ვერ ვიცანი, ვერ ვიცანი მაშინ, გავიცანი მოგვიანებით, შევიცანი მალევე და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაა, რომელიც არასდროს დაიზარებს ჩემთვის ყავის მოდუღებას და საუბარს, რომელიც აგერ უკვე წლებია “სნეულების” დროს მედიკამენტის ფუნქციას ასრულებს.

პიკასოსავით ორი პერიოდი აქვს, თუმცა ერთი განსხვავებით –ცისფერი პერიოდი არასდორს უდგას, ან თავისებურად ვარდისფერია, ან უფრო თავისებურად ნაცრისფერი.

ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე და გრძნობებზე სულმოუთქმელად საუბრობს. სხეულის თითოეული უჯრედით, ერთი მსახიობის თეატრის “სოლისტივით” წარმოდგენას მხოლოდ შენთვის დგამს.

აღფრთოვანებას ყველაზე ემოციურად გამოხატავს, უფრო მეტი ემოციები კი მის ნაწერებშია, დიახ, სწორედ იმ ნაწერებში ამ ბლოგზე რომ ნახავთ.

ავლაბარი, ხოჯევანი.. მას მერე შვიდი წელი გავიდა რაც ვიფიქრე: „ფუ ბლიად! ეს აჩკარიკი დაგვანგრევს!“

ეს იყო „რა? სად? როდის?“ სკოლებს შორის.. იმ დღეს გავიცანი და მერე ნება-ნება ვხვდებოდი..

ეროვნულებზეც შევხვდით ერთმანეთს და საბოლოო ჯამში კურსელები გავხდით.

იღბლიანაა. ისეთ საგნებში ხსნის არაფრისგან „ტუზებს“, რომ თვითონვე უკვირს.

ერთადერთი გრძნობა აქვს და ისიც იუმორის. არ იცის ინგლისური, უპასუხისმგებლობის მამაა. გავს ინტელექტუალს, მაგრამ თვითონაც იცის, რომ უფრო ხულიგანია ვიდრე მეცნიერი.

ბლოგერია. მალე ამ დარგში ნობელის პრემიას მისცემენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაჯილდოვებაზე დააგვიანდება.

დაიბადა 1990 წელს მისი სახელის ხსენება მოსკოვის გამზირის საროსკიპოსთან ასოცირდება.. აქაც „ისაჩკავებს“, მაგრამ მოხვდება.. მთელი ეს დახასიათება ეკუთვნის “რა? სად? როდის?”-ის პირმშოს, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე-4 კურსელს დავით გორგილაძის ბლოგის ავტორს და (ცენზურა) დავით გორგილაძეს..

ზვიად! ხალხს უფლება აქვს შენზე სიმართლე გაიგოს: ის თუ რა კავშირი გაქვს ანაკონდას რკალთან, კენედის მკვლელობასთან, უოტერგეიტის საქმესთან, თერთმეტი სექტემბრის ტერორისტულ აქტთან – ჰო, შენ არავითარი კავშირი არ გაქვს ამ ამბებთან. სუფთა ხარ.

ერთი ჩვეულებრივი ავლაბრული დღე, ზვიადმა რომ გაიხსენა, სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი დღე არ ყოფილა – მაშინ ზვიადი და მისი თანამემაგიდეები მიმტკიცებდნენ სტვირი და გუდასტვირი ერთი და იგივეაო (რა სინდისით?!) – ბუნებრივია ბარქაიას ამის თვითონაც არ სჯეროდა, მაგრამ გამარჯვებისთვის რას არ იზამს კაცი?! საბოლოოდ იმ დღეს მოგვიგეს. მოგვიგეს დასანანად, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს. . .

მერე იყო უნივერსიტეტი და ლექციები პოლიტოლოგიაში, რომლისთვისაც ზვიადი ყველაფერს აკეთებდა: ათევდა ღამეებს, კითხულობდა, თარგმნიდა, სიტყვით გამოდიოდა, აფასებდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა. მე ამის ნახევრის ნახევარს არ ვაკეთებდი. შედეგად ორივემ ერთნაირი შეფასება დავიმსახურეთ. . . როგორც ჩვენმა მეგობარმა, ირაკლი გუნიამ თქვა, ლექტორთან ურთიერთობის ორი გზა არსებობს: ან უნდა შეუძვრე, ან უნდა შეეტენო. ზვიადას არც ერთი მოსწონს, არც მეორე. მეე? ახლა ხომ საკუთარ თავზე არ ვწერ . . . მე მერე.

შემდეგ იყო „ახალი არიფიონი“,  საზოგადოება, რომელიც ერთად დავაარსეთ. აქაც – ბარქაიამ ირბინა, იწვალა, ხალხს ეხვეწა, დაპირებები გასცა, ნუუუ კიდევ სხვა რაღაცებიც იკადრა შესაძლოა ფულის მოსაპოვებლად (საქმის წარმატებისთვის რას არ იზამს კაცი?!) და ბოლოს ვიღაცები შეაბა კიდეც. როგორც ყოველთვის მე და გუნიამ ყველაფერი ჩავშალეთ . . .

კიდევ ბევრ რამეში გავუცრუე ბარქაიას იმედები, ამიტომაც ხანდახან შუა თითის აწევით მესალმება ხოლმე, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთმანეთი და ვაფასებთ.

ამასწინათ ამ ბლოგზე წერა შემომთავაზეს მან და ქეფჩომ. დავთანხმდი. ვნახოთ სადამდე გასტანს.

ჩვენც მოვედით, როგორც იქნა. როგორც იქნა ჩვენც დავეწიეთ დანარჩენ ბლოგერებს და ინტერნეტის განვითარებას. ჩვენ, ანუ მე და ის გოგო, ქვემოთ მასზე რომ უნდა ვილაპარაკო.

ჩემს სამეგობროში და ზოგადად, ცხოვრებაში, აღმოჩენასავითაა.

სახელი თუ გაინტერესებთ, ბებიის საპატივცემულოდ ჰქვია სავარაუდოდ. მისთვის ამაზე არასდროს მიკითხავს, მაგრამ მე ესე დავასკვენი.

მერიკო ტორაძის ლექციიდან გამოსულები სახლებში რომ ვიშლებოდით, აღმოჩნდა რომ, დაახლოებით, ერთი და იგივე გზა გვქონდა გასავლელი და ტაქსით ერთად წავედით.

პირველად მაშინ გამოველაპარაკე და ამას რომ წაიკითხავს, გაუკვირდება, საიდან გახსოვსო, მაგრამ არაუშავს, ისედაც ბევრი რამ უკვირს მაგას ჩემგან.

ტაქსიში დაგვებედა ერთმანეთი და ახლა ტაქსისტები მანქანაში ერთმანეთის გარეშე აღარ გვისვამენ ესაა გოგო, რომელიც მზადაა დაგეხმაროს, ნებისმიერ მომენტში და არასდროს მოგატყუებს.

ეს ორი თვისება განსაკუთრებით დამახასიათებელი და დასაფასებელი აქვს.  ძალიან უყვარს შოკოლადი, მეგობრები, წვიმიანი ამინდი, ფილმების ყურება და განსაკუთრებულად აქვს გაძლიერებული ხასიათში სიყვარულის ნიჭი, ოღონდ ზოგჯერ არ აძლევენ ამის გამოხატვის საშუალებას.

სხვათაშორის, პერსპექტიული სარძლოა, იმდენი სერთიფიკატი აქვს სხვადასხვა ენის, რომ თვითონაც ვეღარ ითვლის მგონი.  სასტიკად ვერ იტანს დაგვიანებას და უგულავას დიეტის ცილოვან დღეს.

ენატრება ბავშვობა. თქვენთან თუ მოვიდა სტუმრად და ოჯახის რომელიმე წევრი შეუძლოდ ნახა, აუცილებლად მოუმზადებს კარტოფილის პიურეს. ხო, შეგიძლიათ ფილმებზე აზრი ჰკითხოთ, ნამდვილად ერკვევა ამაში.

ჩვენი საყვარელი გზები უნივერსიტეტმა გადაკვეთა და იმედი მაქვს, არც არასდროს გაყრის. იმედია და დიდი სურვილი იმიტომ, რომ მისნაირი ადამიანი გვერდით ცხოვრებაში ერთ-ერთი გამართლებაა.

მოკლედ, ეს ნანიკოა და გაიცანით, ვინც არ იცნობთ. ამ ბლოგზე ხშირად შეხვდებით თან არც თუ ისე უინტერესო პოსტებით..

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შენ კარგად არ გიცნობ, მაგრამ მაინც ვწერ შენზე.  მხოლოდ ახლახანს გადმოხვედი ჩემს სახლთან ახლოს და მას შემდეგ თსუ–ში ერთად დავდივართ. ყოველდღე ვიძახით ავტობუსით წავიდეთო, მაგრამ აგერ უკვე რამდენი ხანია ტაქსით „ვმოძრაობთ.“

პირველად ლექციაზე გნახე, არ მომეწონა გვირილა, თავზე რომ გეკეთა და ჩემს თავს ვუთხარი, შენ ამ გოგოსთან ვერ იმეგობრებ, მეთქი. ახლა კი ვფიქრობ ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი ჩემი დავინახე შენში: არ გინდა ლექციების გაცდენა, მაგრამ მაინც აცდენ, გინდა სახლი დაალაგო, მაგრამ ვერ ასწრებ…  ზუსტად ისე, როგორც მე.

შენ ხარ ადამიანი, რომელიც წერს და თავის ნაწერებს ეგრევე შლის, არ გიყვარს პირდაპირ კომპიუტერში ბეჭდვა, ჯერ ფურცელზე წერ. არ მაქვს წაკითხული შენი არც ერთ ნაწერი, მაგრამ ვიმედოვნებ ამ ბლოგზე მაინც მომეცემა ამის საშუალება. ვნანობ, რომ თავიდანვე ვერ მივხვდი როგორიც იყავი და თაკო! პატიებას გთხოვ ამის გამო.

ერთი ჯგუფელი მყავდა მტრედების საშინალდ ეშინოდა, მეთქი, რომ მოგიყევი გახსოვს? შენ მკითხე: „ კი მაგრამ, საიდან ხვდებოდა რომელი იყო მტრედი?“ გამაცინე მაშინ, როდესაც მეგონა არ გამეცინებოდა.

გეხერხება იყო ხალისიანი, როცა გვიჭირს და სერიოზული, როდესაც ჩვენ ეს გვჭირდება. ხარ კარგი მეგობარი, კარგად ერკვევი ჰოროსკოპებში, მართალია ჯერ არც ქმარი გყავს და არც შვილები, მაგრამ იმედია მალე გეყოლება. ხომ იცი შემპირდი ჩემი მეჯვარე იქნებიო. იმედია არ გიხუმრია.

4 Responses to “ჩვენზე”

  1. monkey ოქტომბერი 3, 2010 at 1:34 PM #

    ინწერესნა ბრატცი ^^ ეცადეთ ისედაც გადაღეჭილი თემა კიდევ უფრო არ გადადორბლოთ.. ^^ და ყველაფერი კარგად იქნება. ^^

  2. blumgardt ოქტომბერი 3, 2010 at 8:21 PM #

    ბიჯო, ჩემზე არ უნდა დაწეროთ, თუ “იზგოი” ვარ 😀

  3. gorgiladze ოქტომბერი 3, 2010 at 11:38 PM #

    შენზე ისეთმა უნდა დაწეროს ვისთვისაც არ გიწყენინებია. ეგეთები კი საახლობლოში არ გყავს :))

  4. Agasfer ოქტომბერი 22, 2010 at 8:58 PM #

    კარგია )))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: