მუზმუზელა

14 ოქტ

ხმაური იყო, თუ მომეჩვენა ?

ფხიზელი ძილი მაქვს. პატარა ჩქამიც მაღვიძებს. მერე სანამ მივხვდები, რომ ცრუ განგაშია, გადავამოწმებ. ისე ხშირად ხდება, თითქმის არც მძინავს. არადა, პირიქით ჰგონიათ. არ მძინავს ხოლმე მე, არა!

მოსასხამი სად მაქვს, ნეტა. უმაგისოდ ვერ გავიხედავ, შემცივდება. სულ გაიყინა ბრეინლანდია. ძალით ყინავს. ხანდხან ისეთი უ–აზრობები ჩამოივლიან ხოლმე, ვფიქრობ, ხელი ავიღო ამ სამუშაოზე და თავს ვუშველო.

ახალგაღვიძებულზე წუწუნი მოვასწარი და ზოგი არც მიცნობთ. თქვენი მონამორჩილი, მუზმუზელა ვარ. რა გაგიკვირდა ? ჩემი სახელის სრული ვერსიაა. ასე დამარქვეს და ბარათშიც, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს, ასე წერია.

აქ როდის გადმოვდე. სად რას ვინახავ ვეღარც ვასწრებ ხოლმე დამახსოვრებას. აააჰა ერთი ხელი… მეორეც… ეხლა გარეთ გასვლაც შეიძლება. ვნახოთ ერთი რა ბიჭობა ხდება.

გადაღმა ხვეულში, თუ, თქვენ როგორც ეძახით, მოსახვევში, შუქი ანთია. იქაც ღვიძავთ და ეტყობა, ჩოჩქოლია. სწრაფად მოძრაობენ ფანჯრებში ჩრდილები. მოიმატა სინათლეებმა. სხვა ხვეულების ბინადრებმაც შეწყვიტეს ძილი. ეჭვი მაქვს, სამუშაო საათები მეწყება.

კარგი ვქენი, სავარძელი აივანზე რომ დავტოვე. აქედან კარგად ჩანს ხოლმე ყველა ჩამვლელი. ვნახოთ, რა კერძებს გამომიშვებენ სახლებიდან.

ამდენგან ანთია და მაინც როგორ ცივა.

გადაღმა ხვეულიდან უკვე გამოვიდა ერთი ჯეელი. თავდაჯერებულად და ჯიქურ მოდის.

„ Poverty is the mother of all arts … კარგი ანდაზაა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად გაგება არ იქნებოდა სწორი. სიღარიბის ტკივილი აღვივებს ადამიანებში გარემოს სხვაგვარად აღქმას თუ…  მდიდრებს მხოლოდ ფულის გადახდა ჭირდებათ ხელოვნებაში ჩასახედად. ღარიბებს კი ჩასახედი ფული არ აქვთ და შიგნით ხტებიან…“

რამდენი ილაპარაკა. ურიგო არაა, მაგრამ გაშალაშინება უნდა. დროის ამბავია. ამ ქალს რაღა მოაქვს ? სურათებია. ხო, გავიგეთ, რომ გაზაფხული მოვიდა, შეხედე და ძარღვებში პეპლები იგრძენი. მერე ? რამდენი ესეთი მინახავს. არ ვარგა.    აჰაჰაჰაჰა, ჩანაწერი მოაქვთ. წინასწარ ვიცი, წვიმის ხმა იქნება… ჯანდაბა, წინ წასულა. მელოდიაა…

სასაცილო არაა, ჩემს საქმეს ყველაზე რომანტიკულ ხელობად რომ თვლიან ? აბა, ვის წარმოვუდგენივარ აივანზე დაძველებულ მოსასხამში გახვეული და სიცივისგან მოძაგძაგე ? ყველას თეთრი მანტიით და დაფნის გვირგვინით დამშვენებული ხუჭუჭა თავით ვყავარ გამოგონილი. ეს აბსტრაქტულად. თორემ, ზოგი თავის სატრფოდ მხედავს, ზოგიც, საერთოდ, უცნობ გამვლელად. მე კი…  მე კი არ მინდა, ჩემი შვილი ჩემს გზას გაჰყვეს.

გოგო მოდის. კიარა, ფეხი აუკრეფია და ისეთი სიფრთხილით აბიჯებს, რემედიოსს შეშურდებოდა.

„ხანდახან მე მაინც ვარ ხოლმე ბედნიერი. შეყვარებული მყავს, რომელსაც სექსის გარდა არაფერი გამოსდის. და მე ქალიშვილი ვარ (გამოდის, ზუსტად ეგეც არ ვიცი გამოსდის, თუ არა). არავინ მიყვარს. საერთოდ. მარტო საკუთარი თავი. და ისიც მეზიზღება. მაწუხებს, ბევრს რომ არ ვუყვარვარ და მაწუხებს ბევრი სიყვარული. მე მეორე პიონერი ვარ. და ხანდახან.. მე მაინც ვარ ხოლმე ბედნიერი.“

რა ნისლი ჩამოწვა. გოგო პირველ ჯეელზე  ჩამოყალიბებულია. გამოვიყვან ამისგან არომატიან ქალს.. თუ ამ ნისლმა დამაცადა. აღარაფერი ჩანს ! რატომ გგონიათ, რომ თამბაქო აზრების დალაგებაში მოგეხმარებათ? ვინც ამას ცდილობს, მასაც ხელს უშლით და თვალზე ბურუსს აკრავთ. მორჩა მორჩა, რამის გარჩევაც შეუძლებელია. საწოლამდე მაინც მივიდე. ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, ამჯერად აღარაფერი გამოვა. იქნებ შემდეგში ჩამოიარონ უფრო მეტმა და მეტად ელეგანტურმა აზრებმა.

ვიძინებ ისევ.

არა, არ წავალ, აქვე წამოვწვები. თუ დაგჭირდებით, მაშინვე გამეღვიძება. როგორ მომმართოთ ? უბრალოდ მუზა დამიძახეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: