სამტრედიამდე ორ ლარად

12 ოქტ

სანამ ე.წ „ჩქაროსნული მატარებლები“ შემოვიდოდა საქართველოში, მანამდე სოფელში „თბილისი-სენაკის“ მატარებელს დავყავდით. ძველი მწვანე მატარებლის ვაგონების რაოდენობა 15-ს აღწევდა. შიგნიდან კი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც „მიდიოდა მატარებელის“ სახალხო ვაგონებია მოწყობილი.

ნახევრად დახურული კუპე ოთხი საწოლით. ორი ზევით, ორი ქვევით, რომელთაც შავი ტყავი ჰქონდა გადაკრული, აქა-იქ გვარიანად ამოგლეჯილი. საწოლებს შორის თეთრი პატარა გასაშლელი მაგიდა იყო, მოპირდაპირე მხარეს ისეთივე მაგიდა ორი სკამით. ჭუჭყიანი ორმაგი ფანჯრები მკვდარი პეპლებით გამოტენილი, თუმცა მატარებელში არც ცუდი სუნი იყო, არც ტარაკნები დაძრწოდნენ და არც სუნიანი ადამიანები მგზავრობნდნენ მაინც და მაინც.

ერთი სიტყვით, ნამდვილად გაუძლებდი მგზავრობას თბილისიდან სამტრედიამდე, თუმცა ეს ჩვენი „თბილისი-სენაკის“ მატარებელი დედაქალაქიდან ჩემს სოფლამდე ჩასვლას 8-დან 8 საათნახევრამდე ანდომებდა. არ ვიცი, რამდენი კმ/სთ-ით მოძრაობდა ან სად და რამდენჯერ ჩერდებოდა, ერთი ის მახსოვს, რომ სადღაც ხაშურთან ელმავალი უნდა ჩაბმოდა ამ ჩვენს მატარებელს და 40 წუთი მარტო იქ იდგა ხოლმე.

თითქმის არავინ იღებდა მატარებლის ბილეთს, რომელიც 2 ლარი ღირდა. ან რა საჭირო იყო სალაროებთან რიგში დგომა, როცა გამცილებლისთვის („პრავადნიცა/პრავადნიკისთვის“) შეგეძლო, მიგეცა ფული, ის კი ყველაფერს მოაგვარებდა. მოგვიანებით ამ „ტრადიციამ“ ჩქაროსნულ მატარებლებშიც გადაინაცვლა. ბილეთი 6-დან 8 ლარამდე ღირდა. გამცილებელს 5 ლარს ჩაუკუჭავდი და მერე მთელი გზა მის მართკუთხედ ვიწრო ოთახში მოკუჭულს უნდა გაგეტარებინა ან სულაც ვაგონის ამოსასვლელში მწეველებს დაეხრჩვე სიგარეტის კვამლში.

რას ვაკეთებდით რვასაათნახევარი მატარებელში? მიგვქონდა 20 ჭიქა მზესუმზირა, რომელსაც ძირითადად რიკოთამდე ვანადგურებდით ხოლმე. თბილისიდან „დიდ გვირაბამდე“ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ბუნება ზედმეტად უინტერესო იყო, ხოდა ან მზესუმზირას ვჭამდით ან კიდევ კარტს ვთამაშობდით. გვირაბიდან გამოსვლისას ამ ბავშვივით ფანჯარაში გვქონდა თავი გაყოფილი და კოპიტნარამდე ასე ვიყავით (კოპიტნარის გაგონება ნიშნავდა იმას, რომ სამტრედია უკვე ახლოს იყო და შეიძლებოდა ბარგის ჩამოლაგება და ჩასასვლელად გამზადება)..

მოგვიანებით ჩქაროსნული მატარებლებით მგზავრობა ტელევიზორებმა „გაახალისა“. 6 საათის განმავლობაში ან „იუმორინას“ გაუთავებელი ჩანაწერები გადიოდა ან კიდევ ბრიუს ლისა და ჯეკი ჩანის ფილმები.

ეს ფოტოები დღევანდელ ბორჯომის მატარებელში გადავიღე და ბოლო მგზავრობისას სათვალავი თუ არ ამერია, თბილისიდან ბორჯომამდე მატარებელი 48-ჯერ გაჩერდა. მგზავრობა ორი ლარი ღირს. ბილეთების და შესაბამისად ადგილების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ამიტომაც ზაფხულში და ზამთარშიც არანაკლებ, ფეხზე მდგომი მგზავრების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ მეტია, ვიდრე სავარძელში მოკალათებული მგზავრებისა.

One Response to “სამტრედიამდე ორ ლარად”

  1. თაზო ოქტომბერი 12, 2010 at 4:49 AM #

    ვახ ჩემი, მეც გამახსენდა ორლარიანი მატარებელი. თბილისიდან აბაშაში სულ მაგით დავდიოდით. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: