მე აღარ მინდა თამაში

11 ოქტ


შენში, თურმე, ის უნდა განავითარო, რისთვისაც გკიცხავენ. რადგან სწორედ „ის“ გქმნის „მედ“. და რომ შენს განსხვავებულობას ვერ ეგუებიან „ბოროტი“ სხვები და კიცხვით ცდილობენ წაგართვან შენი „ინდივიდუალურმყოფელი“. მომხიბვლელად მჟღერი არგუმენტია შენიშვნების მოსაგერიებლად და მანკიერების უმანკო სახით ლამის მთავარ ღირსებად მოსანათლად. მაგრამ საზღვარი რომ ყველაფერს აქვს, ვინ არ დამეთანხმება, სულ რომ მოიარო გრინვიჩის მერიდიანიდან გრინვიჩის მერიდიანამდე, ეკვატორიდან ეკვატორამდე? განვითარებასაც აქვს საზღვარი და მანკსაც_მითუმეტეს.

ჩვენი განმასხვავებელი და გასაკიცხი თვისებები აგრესიის რეცეპტორებს არ ეხება და, ამიტომაც, არ იწვევს აქტიურ-აღმკვეთ ქმედებებს. სამაგიეროდ, ბადებს უკვე ყბადაღებულ კითხვებს, რომლების დასმაც ზოგს უკვე გვეხამუშება, ზოგს_ჯერაც არ მოსვლია თავში. ეს კიდევ მეტად მოწმობს, რომ ჯერ გზაში ვართ.

ვერ დავიჯერებ, რომ არ გქონია ასეთი განცდა. ერთი კითხვით შეპყრობილი რომ მიაბიჯებ და საკუთარ მესთან გაბედულად ფილოსოფოსობ. ხან ერთ პასუხს აზომებ, ხან მეორეს არგებ. და ძალიან იშვიათად, რომ გაგიმართლოს და, ამ გართობა-გართობაში, ზუსტად მის თარგზე გამოჭრილს მიაგნო.

არასდროს დავინტერესებულვარ „აქაც რომ რეკამდა“ როგორ რეკამდა და მსგავსი, მეცნიერებით ახსნადი „ჟანრის“ კითხვებით. უფრო თითო ადამიანის თითო ალოგიკური სცენარი მაფიქრებდა ხოლმე არსებულ ამოებაზე. და რადგან ახლა ვწერ, ჩანს ისევ მაფიქრებს.

ერთერთი ჩემს თავთან გათამაშებული მოაზროვნის როლის შესრულებისას დავასკვენი, რომ ისრებიან საათზე დრო უფრო სწრაფად იწურება, ვიდრე ელექტრონულზე. ყოველ შემთხვევაში, თვალი დროს უფრო წინწასულად აღიქვამს, როცა ისრები ‘12-ს 5 უკლიას’ აჩვენებს, ვიდრე ელექტრონულზე ასახული 11:55. ისევ გვახსოვს თითქმის მილეული 11 საათი და ასეც იქნება, სანამ 59-ს 00 არ შეცვლის.

მაგრამ ამ დრომდე ვერ ვპასუხობ, რატომ ენანებათ ადამიანებს მგზავრობის ქირის გადახდა საკუთარი თავისთვის და რატომ ხოცავენ ერთმანეთს, როცა საქმე სხვისთვის გადახდაზე მიდგება. ზოგადად სხვებს რატომ უხდიან, ეგ კითხვა დიდი ხანია უიმედოდ ვცანი და ნაფტალინის სუნზე ცხვირს აცემინებს გამუდმებით.

რატომ ვერ მიხვდნენ ადამიანები, რომ დაბალწელიან შარვალზე ტრუსიც დაბალწელიანივე ჩაეცვათ . მითუმეტეს, რომ ამგვარი შარვლები იმდენ ხანს იყო მოდაში, სანამ თვითონ არ მობეზრდა და არ გადავიდა.

რატომ მიმართავდნენ (ზოგს დღემდე აქვს გამოყოლილი) ახლობელ მამრებს -ვიჩ ბოლოსართიანი მამისსახელით, როცა მაგალითად კონსტანტინოვიჩ კონსტანტინეს (შეურაცხყოფად ნუ მიიღებს და) ნაბიჭვარს ნიშნავს.

ან რატომ სწამთ დღემდე, რომ მარილის დაბნევას ჩხუბი უნდა მოჰყვეს, როცა სხვა პროდუქტებთან შედარებით ძვირი კიარა, ლამის იაფიცაა. ძველი ლოგიკით და დღევანდელი მონაცემებით შაქრის დაბნევას უფრო უნდა ვუფრთხოდეთ (ვინც არ იცის, ამ ცნობილ ცრურწმენას მეტად პრაგმატული ახსნა აქვს. ძველად, როცა მარილი ყველაზე ძვირი ნედლეული იყო და მისი შეძენა ყველას არც კი შეეძლო, გასაკვირი არაა, რომ დამბნევს კარგი არაფერი ელოდა).

რატომ ეშინიათ ადამიანებს ღმერთზე თამამად საუბრის და რატომ რაცხავენ მოსაუბრეებს ათეისტებად? და მერე როგორ იჯერებენ იგივე ადამიანები, რომ მოსამართლე, ვაჭარი, ბანკის მმართველი წმინდანია და მასზე უნდა ილოცო?

როგორ ვახერხებთ იმდენ ხანს ვიბობოქროთ, ვიდუღოთ, რომ მაჭრიდან პირდაპირ ძმრად ვიქცეთ.

როგორ გამოგვდის გვქონდეს ამდენი და ბევრად მეტი კითხვა და ვერცერთი პასუხი..


საზღვარი ყველაფერს აქვს. ბოლოს ყველა ხვდება. სულ რომ მოიარო გრინვიჩის მერიდიანიდან გრინვიჩის მერიდიანამდე. ეკვატორიდან ეკვატორამდე.

4 Responses to “მე აღარ მინდა თამაში”

  1. chankotadze ოქტომბერი 11, 2010 at 11:07 PM #

    არა, ეგე ვერ ეგუებიან არა, მაგრამ უბრალოდ ვერ გიგებენ :პ რა საჭიროა შეთქმულების თეორიამდე დაიყვანო არგუმენტი მერე რომ იოლი გასაცამტვერებელი გახდეს. უბრალო არსებობს აზროვნებისა და გრძნობის ინდივიდუალური შრეები, და ისინი სხვების შრეებს არ ემთხვევიან ყოველთვის… 9რაღაც გლეხური ენით ვთქვი, მარა მიხვდებით იმედია)

    • teitt ოქტომბერი 11, 2010 at 11:32 PM #

      მთავარია კითხვა გაგიჩნდეს და ფიქრი არ დაიშურო პასუხის მისაგნებად 😛 და “შრეების დამთხვევისგან” ღმერთმა დაგვიფაროს:)))))))))

  2. Shakarashvili ოქტომბერი 14, 2010 at 1:30 AM #

    ხო, მაგრამ როცა ‘ზედმეტად” ბევრი კითხვა გებადება და პასუხები არ გაკმაყოფილებს, იღლები და აღარც კიტხვებს სვამ.. მერე ისევ პოულობ ძალას და ისევ თავიდან იწყებ, ანუ ერთ წრეზე ტრიალებ. და ორი ვარიანტია ან ნელ-ნელა აფართოევებ ამ წრეს ან ავიწროვებ. წარმატებაც და წარუმატებლობაც წრის სიდიდის პირდაპირპროპორციულია : ) ალბათ 😀

    მე რაც შემეხება, ვცდილობ კითხვა რატომ იშვიატად დავსვა სხვებთან მიმართებაში და შედარებით მეტად საკუტარ თავთან მიმართებაში 😀

    • teitt ოქტომბერი 14, 2010 at 5:26 PM #

      მე ისედაც ვგულისხმობ, რომ კითხვები ჯერ ჩემ თავთან უნდა გამიჩნდეს და შემდეგ სხვებზე. სხვებისგან არც გამაკვირვებს ის, რასაც მეც ვაკეტებ:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: