“ნამზეთუნახავარი” გვადალუპე

4 ოქტ

ფორესტას უბნელი შეშლილი ბაგრატა ამბობს, ყველა უბანს ერთი ქორფა ქალი და ერთი გიჟი უნდა ამშვენებდესო.

ჩემი ქუჩის პირველი გიჟი და მეეზოვე ედუარდი, ჭკუანაკლული რომ არ იყოს, მერიის დასუფთავების სამსახურის წარმატებული მუშაკი იქნებოდა. მსოფლიოში არ მეგულება ადამიანი, ედოზე მეტ გასაღებს დაათრევდეს ჯიბით და ვირტუალური მანქანების მასზე დიდი კოლექცია ჰქონდეს. (მანქანები თუ არა, გასაღებები ხომ მაინც აქვს?!)

ედო სიკვდილის ანგელოსია. ქელეხები უყვარს ამ ნაძირალას, როგორც ერთი ნაცნობი ამბობს – “მკვდარზე ვენოკივითაა”. სიკვდილიანობა უყვარს, მაგრამ არა ახალი სიცოცხლე, უფრო სწორად ბავშვები. ვერც გაამტყუნებ, მთელი დღე უკან დასდევენ და აწიოკებენ, თუმცა არა ყველა; ყველა – ერთის გარდა. ამ ერთის სახელი აღარ მახსოვს, ამიტომ უსახელოს დავუძახებ.

უსახელო საინტერესო სხვა მიზეზის გამო უფროა. მამამისი წლების წინ “საშოვარზე” წავიდა, თანაც ისეთზე, რომ “ეშოვნა”, უკან სულ არ დაბრუნდებოდა, მაგრამ ბავშვი უმამობას სულ არ განიცდიდა. მისი მამობილობის მსურველთა რიცხვი დღითი-დღე იზრდებოდა და მაღაზიის მეპატრონე – თამაზი ძიას სალარო აპარატიც დაუზარლად ბეჭდავდა უსახელოს სურვილის ასრულების მომასწავებელ ჩეკებს.

საიდუმლო ბავშვის დედაში იყო.

დედამისი ყველას გვიყვარდა.

გვადალუპე – როგორც ჩემმა უბნელმა მონათლა, საოცარი ეშხის, ტან-ფეხისა და იმ სხვა დანარჩენების პატრონი იყო, მთელს ქუჩას თავბრუს რომ გვახვევდა და ზაფხულის მზისაგან გახვითქულებს, მხურვალე ოხვრას ამოგვაშვებინებდა, თანაც ისეთს სხეულის თითოეული უჯრედის ვარამს რომ აჟღერებს.

ჩვენი ქუჩის ახლადდაგებულ ასფალტის საფარზე ლამაზმანის ფეხი, პირველად ექვსი წლის წინ გამოჩნდა და მისი ქუსლის ნაკვალევი სამუდამო დამღად რომ დააჩნდა გულზე უბნის ყველა მამრს, სალოცავ ტოტემად იქცა.
თვალს ვადევნებდით რა ამ ქალის მიხვრა-მოხვრას და მუქ-ნათელ წითელ “პომადას”, მთელი საკაცეთი ჰორმონებმოჭარბებულ მოზარდებს დავემსგავსეთ, სექსუალურ აქტზე მეტად იმის სურვილი რომ აქვთ, თქვან “ქალთან ვარ ნამყოფიო”.

ლუპეს ორი დაქალი ჰყავდა, თანაც ისეთები მათ ფონზე ქალღმერთად რომ გამოჩენილიყო, მაგრამ მისი მზაკვრული გეგმა ამდენ წვალებად არ ღირდა – მართლაც ქალღმერთი იყო და ამას ვერსად “გაექცეოდა”.
დაუდგა გვადალუპეს მთხოვნელების რიგი; ლანგრით ართმევდნენ გულს, გრძნობებს, პოტენციალს, მაშინ ასე აქტუალურ – მანქანით, ბინითა და სამსახურით უზრუნველყოფას ძღვნად, მაგრამ ჩემდაგასახარად ყველას უარით ისტუმრებდა. (მე რა მახარებდა ცამეტი წლის ვიყავი)

მთელი უბანი მოუთმენლად ელოდებოდა ლამაზმანის გამოჩენას. მხოლოდ კაცები კი არა, ქალებსაც ერთი სული ჰქონდათ როდის დაინახავდნენ “ბოლო მოდაზე” ჩაცმულ მეტოქეს, საღამოს მზესუმზირის “დაფქვის” დროს რომ გაექილიკებინათ. მამრები მისი შიშველი სხეულის თუნდაც უმნიშვნელო გოჯის დანახვაზეც კი თანახმანი იყვნენ.
აგვისტოს დასაწყისში დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. (უბანში ზარი არ გვქონდა, თორემ მთელი დღის მანძილზე გააჟღერებდა სამგლოვიარო სიგნალს)

– გაიგე?
– რა მოხდა?!
– პატარა ლევანას უნახავს, ტაქსიში ჩემოდნები ჩაულაგებია, ბავშვი მანქანაში ჩაუსვამს და წასულა.
– სად? ვისთან? ქმარი ხომ . . .

ის დღე იყო და მთელი ქუჩა 90 – იანების პერიოდს დაუბრუნდა.

დრო გადიოდა და გვადალუპეს ნატერფალს ქარი ქვიშით ავსებდა. ნელ-ნელა ყველამ დაივიწყა ლამაზმანი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ გაცნობიერება იმისა, რომ ის ისევ არსებობდა, მაგრამ სხვაგან იყო, უფრო დამთრგუნველი იყო ვიდრე ისედაც კატასტროფული რეალობა.

***

– სად ისვენებდი?
– თურქეთში ვიყავი ცეკვიდან, მაგარი იყო. თან ბიჭო (ხმა აუთრთოლდა) იცი ვინ ვნახე?! (პასუხის გაცემა არ მაცადა) გვადალუპე ხომ გახსოვს? (არც ახლა უცდია) გაბოზებულა; სტამბულში ვნახე.

ჩემი ბავშვობის კერპი, ყველასთვის სასურველი და ამავდროულად მიუწვდომელი ქალი, ახლა მხოლოდ სევდანარევი და მგზნებარე მოგონება იყო.

ვინ იცის, იქნებ ახლა სტამბულის ბაზართან ახლოს, სასტუმროს მეორე სართულზე – “ნამზეთუნახავარია” შეყუჟული, კაკუნის ხმაზე თრთის და ულვაშებიანი ოღრაში სელჯუკების “საუთაო მაგიდას” წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი