ყვითელი კორპუსი

3 ოქტ

რა მახსენდება თბილისური ოთხმოცდაათიენებიდან ყველაზე მკაფიოდ?  – ალბათ უშუქობა.  უშუქობა მახსენდება და სტვენის გამაყრუებელი ხმა, რომელიც ნათურის გაჩახჩახებისთანავე გამოვარდებოდა ახლადგანათებული ვაზისუბნის სახლებიდან ერთკვირიანი მოლოდინის შემდეგ. მერე მახსენდება სართულებიანი გინება, რომელსაც წამიერად გაკაშკაშებული ნათურის ჩაქრობას მოაყოლებდნენ  კორპუსებიდან. ეუფ, რა სიტყვებით ამკობდნენ ფიდერისტების ოჯახს?!

ვერ ვივიწყებ ლამფის სურნელს, ერთმანეთთან მიტმასვნით ჯდომას დიდი სიყვარულის ნიშნად და ამასთანავე გათბობის მიზნით.  ვერ ვივიწყებ ლამფის შუქზე საათობით ნათამაშებ ქალაქობანას, რომლის წყალობითაც ბავშვობაში „ბარე ორს“ გავეჯიბრებოდი გეოგრაფიის ცოდნაში. მაშინ ჯერ ვის ენახა გენერატორი?! გენერატორები მერე ვნახეთ, როცა ბობოლა ვაზისუბნელებმა „მოიშინაურეს“ ისინი და ვაზისუბნის ცა სადენებით გადაისერა. ზოგი ერთი ბობოლას ხაზზე იჯდა, ზოგი მეორესი და თვის ბოლოს საფასურს ვიხდიდით, მაგრამ „მეორე არხის“ ყურება ამ საფასურად ღირდა – აბსუს რა კინოსეანსები იყო!  გადაცემა „ამბობენ“ გახსოვთ? – მე მაგიჟებდა ცხოვრება, რომელზეც გვიყვებოდა თეა გვასალია. მე თავად თეა გვასალიაც მაგიჟებდა.

მთელი სამეზობლო ერთად ვუყურებდით „სანტა ბარბარას“ , ვცხოვრობდით მის გმირებთან ერთად და გვინდოდა იდენსა და კრუზს სიცოცხლის ბოლომდე ჰყვარებოდათ ერთმანეთი – ამ დროს ეკლებზე ვისხედით, რომ ვაზისუბნელ ბობოლას ჩვენთვის არ წაერთმია ის ბედნნიერება, რასაც დენი ჰქვია. ჟან კლოდ ვან დამი იყო ჩემი კუმირი.

ჯერ მწვანე კერასინები შემოვიდა, მერე წითელი – უფრო დიდი, უფრო ლამაზი, უფრო „სვეცკი“. წითელი კერასინის ბატონობა თავბრუდამხვევმა „ტურბომ“ დაამხო, რომელსაც არ ჰყავდა ბადალი. ვისაც ის სახლში ედგა და თბებოდა, ის იყო სამყაროს მბრძანებელი.  გაზის პატარა ბალონებიც არსებობდა, ოღონდ დატენვა ხშირად სჭირდებოდა.  პროცედურის დასრულების შემდეგ „დამტენი კაცი“ სასწორზე დადგამდა ბალონს – სასწორიც თავდაუზოგავად იტყუებოდა. ზოგი ამ ტყუილს ვერ ხვდებოდა, ზოგი თვალს ხუჭავდა, ზოგიც “მაგას არ ჭამდა“ და წავიდოდა მერე დაკა – დაკა.

როცა ათასში ერთხელ „მეცხრე ბლოკი“ გამოცოცხლდებოდა და დენი მოვიდოდა, ყვითელი კორპუსის ელექტრო დამცველებიც არ აყოვნებდნენ და წამშივე იწვებოდნენ. იყო ჩვენი მამების შეკრებები იმ ადგილას და  ჩვენი სიხარული მათთან ერთად დგომისა. იყო სიცივე და სუსხი. იყო სინდი კროუფორდის დილის ტანვარჯიში და მისი ფეხები, რომელთა დანახვაზეც ისეთი რაც მემართებოდა რის ახსნასაც  ახლა ვპოულობ. მახსენდება საღეჭი რეზინი „ლოვე“, მახსენდება კაბა-შარვლებში გამოწყობილი გოგონები, მახსენდება ერევნის ხსნარი და გაკრახმალებული სარეცხის სპეციფიკური სურნელი.

ვაზისუბანში ხალხს ემატებოდა წლები, მოდიოდა მათი დაბადების დღეები, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე აღნიშნავდა. ჩვენ ვცხოვრობდით სიბნელეში და მოარული ხმები გვეუბნებოდნენ რომ სადღაც არსებობდა სინათლე. ჩვენ ვოცნებობდით ამ სინათლეზე და სიბნელეში ერთმანეთის სილუეტებს ძლივს ვარჩევდით.

მე მახსენდებიან ყვითელი კორპუსის ის მაცხოვრებლები, რომლებიც დღეს ცოცხლებში აღარ არიან. მახსენდება ორთაჭალელ ბიჭებზე ვახტანგ თურმანიძის მოყოლილი ამბები, თეიმურაზ მეტრეველის დარიგებები ჟურნალისტიკაზე, დათო დონაძის ხუმრობები და თამაზ სილაგაძის ყურით ჩატარებული ფოკუზი. მე ვერაფრით დავივიწყებ დალი ბრეგვაძეს.

დრო მიდიოდა და გვირაბის ბოლოს სინათლეც მოჩანდა. . .

უკვე   „სუპერ მარიოს“ ვთამშობდით. მე და ჩემს ძმას საპასუხისმგებლო მისია გვეკისრა: მეფის მშვენიერი ასული უნდა გამოგვეხსნა დრაკონის ტყვეობიდან,  რომელსაც საკუთარ სასახლეში დაემწყვდია ქალი  და თავადვე დარაჯობდა. როცა ამას ვახერხებდით, გვიხაროდა. მახსოვს როგორ მიჩქარდებოდა გულისცემა, როცა გმირი შიშისმომგვრელ სასახლეს მიუახლოვდებოდა.

იყო სკოლა. ახალი მეგობრები. თავისუფალი თემები, რომლებიც იმედიან გაზაფხულს შეეხებოდა. იყო დამალობანა და სხვა ბევრი საინტერესო გასართობი. იყო „შტაბების“ შენება, საღამომდე თამაში  და შემდეგ დედების ხმები, რომლებიც შინ გვიხმობდნენ. იყო „ჭიაკოკონასთვის“ მზადება და ხევში ძველი საბურავების ძებნა, რათა დიდი ცეცხლი დაგვენთო. მეორე დილით კი იდგნენ გამჭვარტლული კორპუსები. იყვნენ გოგონები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ მათთან საუბრის მერიდებოდა. იყო სოფია, რომელმაც მომკლა და შემდეგ გათხოვდა. იყო ქართულის წიგნში ჩადებული მისი სურათი და პერიოდი, როცა ქართულის წიგნს ხელიდან არ ვუშვებდი. . .

ახლა . . .

ჩემი კორპუსი ისევ ყვითელია. გარეთაც ისევ თამაშობენ, ოღონდ სხვა ბავშვები, განსხვავებულ თამაშებს. დღეს ისევ წვიმს ვაზისუბანში, მაგრამ არა ისე ძლიერად როგორც უწინ. დღეს წითელი კერასინები ხალხს სხვენებში აქვს შენახული.  მოზარდები ერთობიან ინტერნეტით და კომპიუტერული თამაშებით. სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები ერთად სეირნობენ საღამოს და ეს ძალიან მახარებს. განა მე ვერ ვხვდები რომ ასეთი ცხოვებს ჯობს, ასეთი უკეთესია, მაგრამ მე რომ ის ძველი უბანი და „ლამფის“ სურნელი მენატრება?

4 Responses to “ყვითელი კორპუსი”

  1. grishmisha ოქტომბერი 3, 2010 at 1:06 AM #

    “ყვითელი კორპუსის” გარეშე წარმოუდგენელი იყო ეს ბლოგი :))

    მიყვარს ეს პოსტი ძალიან

  2. vika ოქტომბერი 5, 2010 at 12:10 AM #

    davit uzomod miyvarxar….unichieresii adamiani xar…mpaaa

  3. knuti დეკემბერი 1, 2010 at 7:08 PM #

    მე უშუქობა არ მიგრძვნია… სამაგიეროდ ყველაზე ტკბილად მახსენდება მთეი სადარბაზო რომ ჩვენთან იკრიბებოდნენ ხოლმე ტელევიზორის საყურებლად. პატარა, შავ–თეთრი ტვ იყო ❤ აუჰ.. მომენატრა ის საღამოები. არადა , ახლა მეზობელი რომ შემოდის …

  4. georgy მაისი 17, 2011 at 10:20 PM #

    magaria ,,,,, sxvas verafers davwer ..

    ramdeni mogoneba …. ukan minda …

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: