დემონები

15 მარ

არავინ იცის, ანგელოზები მფარველობენ ქალაქს, თუ დემონები

polithooligan

qefcho

teitt



Advertisements

თარსი კატა.. შავი კატა..

1 დეკ

ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს შავი კატა ხატებთან? 😀 (თფუ!თფუ!თფუ!)

დიდი არაფერი პოსტი, მაგრამ გამოცოცხლება აკლია ჩვენს ბლოგს!  :)) ^^

 

სუფრაზე არასდროს მაძლევდნენ უფლებას, მაგიდის კუთხეში დავმჯდარიყავი და მომაძახებდნენ, 7 წელი ვერ გათხოვდებიო, თითქოს 5-6 წლის ბავშვი 7 წლის მერე გათხოვებაზე ვფიქრობდი.

რა უნდა მომხდარიყო, რომ უფლება მოეცათ, ორშაბათს ღამის 12 საათამდე თავი დამებანა. ეს ძმის ან მამის სიკვდილს ნიშნავდა.

ამობრუნებული პური უნდა გადმომეტრიალებინა, სავსე მთვარისთვის თვალის გასწორება აკრძალული იყო – „ეშმაკის არისო“ ..

სახლიდან გასვლამდე თუ აღმოვაჩენდი, რომ ტანსაცმელზე ღილი მქონდა აწყვეტილი და გაუხდელად მიხდებოდა დაკერება ან დედა მიკერებდა, აუცილებლად თავზე რაღაც უნდა დამედო. მეცოდება და ვერ ვპატიობ ჩემს თავს, როცა მახსენდება, როგორ მოთმინებით ვიდექი იდიოტივით და ველოდებოდი, როდის დამაკერებდნენ  ღილს,  ამ დროს კი თავზე წიგნი, კალამი, ჩარჩო ან რაიმე ნივთი მედო… , რა მნიშვნელობა აქვს.

სახლში ობობის მოკვლა ნიშნავდა, რომ სტუმრები აღარ მოვიდოდნენ. სულ  მეგონა, რომ რაღაც ბოროტმა ძალებმა დიდი ხნის წინ, ჩემს დაბადებამდე, ჩემს სახლში ათასობით ობობა ამოჟლიტა. იშვიათად მოდიოდნენ სტუმრები..

არც სტვენა შეიძლებოდა, სიღარიბე იცისო.. ან სად შემიძლია სტვენა, ვერაფრით ვისწავლე..

ჩანგალი თუ დამივარდებოდა, ქალი მოვიდოდა სტუმრად, თუ დანა, მაშინ – კაცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამოჟლეტილმა ობობებმა საბოლოოდ გადაწონეს დანა-ჩანგლების ცვენის რაოდენობა.

თეფშს კარგად თუ არ მოვასუფთავებდი, ეგეთი ქმარი გეყოლებაო, მეუბნებოდნენ და მეც წარმოვიდგენდი დაგვაჯულ კაცს მოხარშული მწვანილებიანი და ხახვებიანი სახით, ან ვის რად უნდოდა ეს „ქმარი“.

ღილის მერე ყველაზე უაზროდ  მაინც  შავი კატის უარყოფა მეჩვენებოდა. „თარსი კატა, შავი კატა..“ ყვიროდნენ ბავშვები, როცა უნდოდათ რომ „დავეთარსე“. შავი კატის გზაზე გადარბენა უიღბლობას უდრის. რა კატის ბრალია, რომ შავია..

როგორც მარცხენა ხელის ფხანა და ჩიტის სკინტლი არ გადაქცეულა ფულად, ისე არცერთი ცრურწმენის „წინასწარმეტყველება“ არ ახდენილა.

ხანდახან ჩემითაც ვიგონებდი რაღაცებს. მაგალითად, თუ რაიმე კალმით დავწერდი საკონტროლოს და 5-ს მივიღებდი, სანამ არ გამოილეოდა, ყველა საკონტროლოს იმ კალმით  ვწერდი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიღებდი სულ ამ ხუთებს, მელნის ბოლო წვეთის გამოცლამდე მჯეროდა, რომ ეს კალამი „იღბლიანი“ იყო. მქონდა „იღბლიანი“ ფეხსაცმელი, მაისური, ბეჭედი, ფურცლის ნაგლეჯი და ა.შ..

აი, კიდევ ზოგოერთი „მარგალიტი“:

„მარილის დაყრას ჩხუბი მოჰყვება“..

„ბაყაყი არ მოკლა, იწვიმებსო და თუ მაინც გაწვიმდა ცოცხი უნდა დაწვათ, გადაიღებსო“..

„დანის ხელში მიწოდება ჩხუბის ნიშანია“.

„ორნი ერთდროულად ერთი პირსახოცით ნუ შეიმშრალებთ – წაიჩხუბებთ“.

(ერთ დილას მარილი თუ დაგეყარა, ვინმეს დანა მიაწოდე და მერე მასთან ერთად ერთი პირსახოცით შეიმშრალე, შეიძლება, საღამომდე ვერ გადარჩე ).

ფეხზე რომ დაგაბიჯებენ მერე შენც უნდა დააბიჯო, თორემ დედა მოგიკვდება. (და ორშაბათს თავიც თუ დაიბანე მთელი ოჯახის ამოხოცვა გარანტირებულია )..

მეტი არც მახსოვს, ვერც ვნახე.. თუ იცით, გაიხსენეთ.. დაწერეთ :))

რუსეთ-საქართველოს პინგ-პონგი!!!

27 ოქტ

უკვე ორი კვირაა რაც ძალაშია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმის ამოქმედებას, რომელიც რუსეთის ფედრეაციაში შემავალი სუბიექტების: ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო–ბალყარეთის, ყარაჩაი–ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკებში ჩაწერილი (რეგისტრირებული) მოქალაქეებისთვის 90–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას ითვალისწიებს.

უამრავი აზრი გამოითქვა საზღვრის ასე მოულოდნელად და სკანდალურად გახსნის  შესახებ. ოფიციალური ვერსიით ეს არის კავკასიელ ხალხთა დაახლოების და ტურიზმის განვითარების მიზეზით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. იყო საწინააღმდეგო აზრებიც, რომლებიც აპრიორად იღებდნენ იმას, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, შესაძლოა მოჰყოლოდა გაუთვალისწინელები გართულებები.

13 ოქტომბრის ინიციატივას, რეალურად რუსული პოლიტიკური ელიტა უნდა შეეწუხებინა. რამდენიმე დღის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები, სადაც ქართულ მხარეს ადანაშაულებდნენ პროვოკაციაში და ტერორიზმის ხელშეწყობაში.

დღეს რუსული ინტერნეტ სივრცე მთლიანად მოიცვა რუკების თემამ.

«Ольма медиа групп» წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ რუსულ გამომცემლობას, რომელმაც გამოსცა მსოფლიო რუკა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იმყოფებიან.

მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ ეს ფაქტი პოზიტიურად შეაფასა. ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს მუდამ მხარს უჭერდა.

„კარგია, რომ რუსეთში არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღიარებენ საქართველოს მთლიანობას“- განაცხადა დიპლომატმა.

ასევე მინდა აღვნიშნო რუსული ბლოგოსფეროს ერთსულოვანი ბუმი, სადაც საქართველოს ხელისუფლება აღქმულია კავკასიის პოტენციური კონფედერაციის შემოქმედად.

თუმცა საქართველოში ამ საკითხს განსხვავებულად უყურებენ.

„ერთიანი კავკასიის იდეის განხორციელებისკენ სკანდალური ტელეკომპანია “პირველი კავკასიურის” შექმნის გარდა, თბილისში რეალურად ერთი ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს, რომელმაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაგვაშორა თავისუფალ ურთიერთობებს ჩრდილოეთ კავკასიის მოქლაქეებთან. ერთიანი კავკასიის იდეა საქართველოში ჯერ არ გაჟღერებულა. მით უმეტეს, ერთიანი კავკასია და ანტირუსიზმი ერთდროულად თავად ერთიანი კავკასიის იდეას საფრთხეს უქმნის.“ Sana.ge-სთან ინტერვიუს დროს განაცხარა ექსპერტმა (იქ მხოლოდ ამ სტატუსით მოიხსენიეს)  სოსო ცისკარიშვილმა.

სურს თუ არა რუსულ პოლიტიკურ ელიტას ერთიანი კავკასიის კონტროლი ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამ ეტაპზე ფაქტია, რომ თუ წინამდებარე იდეამ იმუშავა, მაშინ მათთვის ისეთი განცალკევებული და რთულად კონტროლირებადი ელემენტების არსებობა, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბახი ზედმეტი თავისტკივილია. საბჭოთა ტრადიციის სრულუფლებიანი მემკვიდრის ცნობიერება იმ იდეას არ სცდება, სადაც ეს „პოლიტიკური სუბიექტები“ უნდა კმაყოფილდებოდნენ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით.

Kinder

24 ოქტ

სევდიანი მადლენას ისტორიის შემდეგ ცოტას წაგახალისებთ Kinder-ის სათამაშოების ჩემი მოკრძალებული კოლექციით.

გურჯისტანელი მადლენა

23 ოქტ

ნოველას თუ ამბავს, საფუძვლად უდევს ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველი ქალის რეალური ისტორია.

მადლენა ბავშვობაშივე დაობლდა.

მამამისმა ჯერ საკუთარი ცოლი და მეზობელი მოკლა ლოგინში, შემდეგ კაკლის ხეზე ჩამოიხრჩო თავი.

იმ დღეს უჩვეულოდ მხიარული იყო, გოგონას შუბლზე აკოცა და ხის ტოტზე შემოსვა.

თვითონ повесился.

მამა პერიოდულად მოძრაობას წყვეტდა.

გოგონა დაუზარებლად აქანავებდა მკვდარს და სულისშეხუთვამდე კისკისებდა.

ბებიას გამოჩენამდე პატარა მადლენა ვერ მიხვდა, რომ მამას ცოცხალ-მკვდარობანას თამაში აღარ უნდოდა.

ბებია ლოგინად ჩავარდა.

მღვდელმა მადლენა და ორი გათხუპნული ტყუპი ბიჭი პანსიონატში შერეკა.

ბავშვებს ადვილად შეეწყო.

მოწყალების დებმა დაბადების დღე, კომბოსტოს წვნიანითა და თითო ნაჭერი თეთრი პურით გადაუხადეს.

ხუთჯერ.

ცამეტი წლისამ პირველი “სისხლიანი” საჩუქრი მიიღო.

უკვე დიდი იყო.

თუნუქის პატარა ყუთში, რომელშიც წლების მანძილზე ტალახში ამოგანგვლისა და იატაკზე გორაობის შედეგად “მოპოვებულ” ზღინტლს აცილებდნენ, მარტოს უწევდა განწმენდა.

თვითონ გაიზარდა.

ყუთი დაპატარავდა.

იქნებ ორივე ერთდროულად მოხდა?

მუხლებმოხრილი იჯდა.

ხის დიდი ჭიქით ცხელ წყალს ზურგზე ისხამდა.

ამ დღეს პირველად გაიგო საკუთარი სხეულით ტკბობის ფასი.

მეორე დღიდან პანსიონის ყველა აღსაზრდელი მდედრი დააუფლა ამ ხელობას.

უმეტესობას არაფერი გამოსდიოდა, მადლენა ხომ ყველაზე უფროსი გოგო იყო პანსიონში?!

თხუთმეტი წლისა ორჯერ გაიქცა.

ორჯერვე დააბრუნეს.

მესამედ თვითონ გაუშვეს.

თექვსმეტის იყო.

მღვდელმა მშობლებისა და ბებიის ნასახლარზე მიიყვანა.

სახლის აღდგენაში მეზობლები დაეხმარნენ.

ერთ-ერთი მათგანის უფროს ბიჭს ცოლად გაჰყვა.
Continue reading